Thursday, October 24, 2013

კინტრიშის დაცული ტერიტორია

      
 
    კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები განლაგებულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა - ალპურ იალაღებს ებჯინება (2000 მეტრი ზღვის დონიდან). უმაღლესი მწვერვალია მთა სარბიელა (2471 მეტრი ზღვის დონიდან)

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 13893 ჰექტარს, აქედან ნაკრძალს უჭირავს 10 703 ჰა, ხოლო დაცულ ლანდშაფტს - 3 190 ჰა.

     კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორისაა მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან  ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ თითქმის იმდენივე ნალექი მოდის, რამდენიც აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე (3000 მმ). აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 240C, ხოლო იანვრის-40C.

    კინტრიშის დაცული ტერიტორიების მთლიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია - მდინარე კინტრიში - სათავეს ხინოს მთიდან იღებს და ქალაქ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი სიგრძე 45 კილომეტრია. ნაკრძალის დანარჩენი მდინარეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე (რომელზეც 30 მეტრიანი თვალწარმტაცი ჩანჩქერია), ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა (ორსაფეხურიანი 70 მეტრი სიმაღლის წყალვარდნილით). ყველა ეს მდინარე კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს. მაღლა მთებში განლაგებულია პატარა ტბები - ტბიყელი, დიდვაკე და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. ტბები ტბიყელი და დიდვაკე უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზე, ხოლო ტბა სიძერძალი - მის საზღვრებს გარეთ მდებარეობს.

    კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორისთვის აჭარული ენდემების, მდიდარი მარადმწვანე ქვეტყის, გვიმრების და ლიანების სიმრავლეა დამახასიათებელი. ნაკრძალის დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. აქ 46 სახეობის ხის, 4 სახეობის ბუჩქის და ლიანების 8 სახეობის ნახვაა შესაძლებელი. აქაური რელიქტებია: პონტოური მუხა (Quercus pontica), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni), უთხოვარი (Taxus baccata), კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchida), თაგვისარა (Ruscus ponticus), კავკასიური ხურმა (Diospyros lotus), ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa). 7201 ჰექტარი აქ წიფლნარ ტყეებს უკავიათ, 2912 – წაბლნარებს, რცხილნარები 496 ჰექტარზე გვხვდება, მუხნარი – 389 ჰა-ზე, სოჭნარ-ნაძვნარი – 140 ჰა-ზე, ცაცხვნარი – 40 ჰა-ზე, თხილნარი – 33 ჰა-ზე, მურყნარი – 12 ჰა-ზე, აბზინები – 4 ჰა-ზე, წყავის რაყები 727 ჰა-ზე, პონტოურ დეკას – 712 ჰა, კავკასიურ დეკას – 172 ჰა, შქერიანებს - 1611 ჰა უჭირავს.

    კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდინარეები და ხევები მდიდარია კალმახით (Salmo fario trutta). მდინარე კინტრიშის ქვემო დინებაში ხშირად შეხვდებით შამაიას (Chalcalburnus chalcoides) და საზანს (Cyprinus carpio). ამბობენ, რომ ადრე კინტრიშს შავი ზღვიდან საქვირითოდ ხშირად სტუმრობდა ორაგული (Salmo fario morpha).

     ამფიბიებიდან ნაკრძალში მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus), ვასაკა (Hyla arborea), ჩვეულებრივი გომბეშო (Bufo), მცირეაზიური ბაყაყი (Rana macrocnemis), ტბის ბაყაყი (Rana ridibunda), ქვეწარმავლებიდან-ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix), წყლის ანკარა (Natrix tessellata), სპილენძა გველი (Coronella austriaca) და კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) გვხვდება.

    ნაკრძალის ორნითოფაუნა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი ფრინველებით. აქ აღრიცხულია ჩია არწივი (Aquila pennata), კაკაჩა (Buteo buteo), ქორი (Accipiter gentilis marginatus), მიმინო (Accipiter nisus), მარჯანი (Falco subbuteo), ჩვეულებრივი კირკიტა (Falco tinnunculus), აგრეთვე, ღამის მტაცებლები: ზარნაშო (Bubo bubo), წყრომი (Otus scops) და ჭოტი (Aegolius funereus). სხვა ფრინველებიდან კინტრიშში ბუდობს ოფოფი (Upupa epops), კოდალა (Picinae), ყორანი (Corvus corax), შაშვი (Turdus), მოლაღური (Oriolus oriolus) და აგრეთვე ისეთი იშვიათი ფრინველები, როგორებიცაა: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi) და კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius).


    მცირე ძუძუმწოვრებიდან კინტრიშის ხეობის მკვიდრები არიან: თხუნელა (Talpa), სინდიოფალა (Mustela nivalis), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), კურდღელი (Lepus), მელა (Vulpes vulpes), მაჩვი (Meles meles), ტყის კატა (Felis silvestris), წავი (Lutra lutra). ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში ბინადრობს შველი (Capreolus capreolus), უფრო მაღლა კი ალპური და სუბალპური სარტყლების საზღვარზე არჩვი (Rupicapra rupicapra) და გარეული ღორი (Sus scrofa). მტაცებლებიდან ნაკრძალში მურა დათვი (Ursus arctos) ბინადრობს, რომლის პოპულაცია საკმაოდ სტაბილურია.
           

    კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგი სახეობებია გავრცელებული: კალმახი (Salmo fario trutta), კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), მურა დათვი (Ursus arctos), წავი (Lutra lutra), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius), ბეგობის არწივი (Aquila heliaca), შავარდენი (Falco peregrinus), მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus).

     კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე განლაგებულია ხინოს იოანე ნათლისმცემლის სახელობისმამათა  და ცხემვანის წმიდა გიორგის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსები.

     კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ის სულ რაღაც 20 კილომეტრითაა დაშორებული კურორტ ქობულეთიდან. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. დაცულ ტერიტორიებზე გახსნილია ტურისტული მარშრუტები.

წყარო: www.kobuleti.org.ge

No comments:

Post a Comment