Thursday, November 14, 2013

პეტრა–ქაჯთა ციხე

                                                                                

   კოლხეთის ძველი დიდების მომსწრეა პეტრა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ძეგლი, დღეს ნაღვლიანად რომ გადასცქერის შვი ზღვის უსასრულობას.
    პეტრა-ქაჯთა  ციხე აირჩია გენიალურმა პოეტმა, შოთა რუსთაველმა „ვეფხისტყაოსნის“  მოქმედების ასპარეზად და ნესტან დარეჯანს ათქმევინა:
„ციხეს ვზი ეზო მაღალსა, თვალნი  ძლივ გარდასწავდებიან“.
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა  დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შებმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მიეგებიან.
                                                                   
                                                                             

     აბა ვინ გვეტყვის, რამდენ და რანაირ საიდუმლოებას ინახავს მრავალბრძოლაგადანახადი პეტრა. ვინ იცის, რამდენ ურჯულოს შემოაღამდა ციხის საგულდაგულოდ ნაგებ კედელთან.
      პეტრა-ქაჯეთის ციხე, არაერთი პოეტის შთაგონების წყაროდ ქცეულა. დიდი რუსთველის შემდეგ განსაკუღბით კი აჭარელმა პოეტებმა: ზურაბ გორგილაძემ, ამირან ხაბაზმა, ნანა ხალვაშმა და სხვებმა ქება შეასხეს ჩვენი კუთხის ამ ულამაზეს ძეგლს.
     კოლხეთის ძველი დიდების ნაშთს უღერის ლექსში 
„პეტრა“ ნანა ხალვაში: პონტოს პირას აღმართულა
ძვეთაძველი ციხე პეტრა,
ციხისძირას მთიან ბექობს
გადმოჰყურებს იგი დღესაც
მნახველს ისევ აჯადოვებს
სიდიდეა წარსულ ფერთა
ისევ დინჯად მიუთითებს
სიჩაუქეს ეგრისელთა.
ოდეს კოლხურ ნატაძრალზე
ჟამთა სვლას,რომ წაუსლი,
  სიჩაუქეს ეგრისელთა.
 ოდეს კოლხურ ნატაძრალზე

  ჟამთა სვლას,რომ წაუსლი, 

                     პეტრას ციხე 

    ქობულეთს 3-4 კილომეტრით გაცდებით თუ არა, სოფელ ციხისძირს მიადგებით. აქ ვაკე მთავრდება და არც ისე შორს, ამაღლებულ ბორცვზე დაინახავთ ციხის ნანგრევებს. ეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის, წარსულის უტყვი მემატიანე პეტრას ციხეა.
   ამ ციხეს უკავშირდება სოფელ ციხისძირის სახელიც და ისტორიაც. სოფლის მკვიდრთა გადმოცემით პეტრას ციხე ლაზების მიერ პირველ საუკენეში იქნა აშენებული.
„ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო მე-6 ს. ბიზანტიის იმპერატორის,იუსტინიანეს განკარგულებით ციხე-ქალაქი გააფართოეს და გაამშვენიერეს. ზღვისპირა დაბლობზე გადიოდა გზა, რომელიც ამ მხარეს ბიზანტიასთან, სპარსეთთან, სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან აკავშირებდა. ეს ციხე კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის  აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმავალ საზღვაო-საკაპოტაჟო ნაოსნობას“
(კომახიძე აჭარ აწარსულის გადასახედიდან.გვ.64.ბათუმი.1999 წ).


    ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია. შუა საუკუნეებში „ქაჯეთის ციხედ“ მოიხსენიებდნენ ხოლმე.
    არქეოლოგიური და წერილობითი ცნობების მიხედვით დასტურდება, რომ პეტრა–ციხისძირს თავისი მნიშვნელობაარც განვითარებულ და გვიანფეოდალური ხანისათვის დაუკარგავს. ვახუშტი ბაგრატიონთან ვკითხულობთ – „ზღვის კიდეს არც ციხე ქაჯეთისა, მაგარი, მაღალს კლდესა შენი. აქუს გვირაბი – კლდე, გამოკვეთილი გზად.“ ვენეციეული ამბროზიო კონტარინის ცნობით  მე–15–ე საუკუნის 70–იან წლებში იმ ადგილას ყოფილა მცირე ქალაქი, რომელსაც იგი „კელტიხეას“ უწოდებს (მეგზური, ქობულეთის რაიონის კულტურის ძეგლები, გვ.16, 1980წ).
                                                                       
    პეტრას აღწერილობა ბიზანტიელ ავტორებთანაა შემორჩენილი. კეისრის თანამედროვე ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი წერდა: „პეტრა ზღვის პირა ქალაქია კოლხეთში. პეტრა მიუვალია ჯერ ერთი ზღვის მხრივ, მერე ციცაბო კლდეებით, რომელიც აქ ყოველმხრივ არის აღმართული, აქედან არის, რომ მას ეს სახელწოდება ხვდა წილად. მხოლოდ ერთი შესავალი აქვს მას დაბლობში, ისიც არცთუ ფარათო, ვინაიდან მის ორივე მხარეს არაჩვეულებრივი კლდეებია დაკიდებული, რადგან იმათ ვინც პირველად ქალაქი ააშენეს, წინასწარ განჭვრიტეს, რომ ზღუდის ის ნაწილი არ ყოფილიყო ადვილი იერიშებისთის. შენობების შუაში მათ არსად არ დატოვეს ცარიელი ადგილი, არამედ ეს კოშკები, მიწიდან დაწყებული უმაღლეს წვერომდე უდიდესი, ერთმანეთთან გადახლართული ქვებისგან ააშენეს, რათა რაც შეიძლება ნაკლებ მოსახერხებელი ყოფილიყო მათი შერყევა კრიოთი ან სხვა მანქანით. აი, ასეთი იყო პეტრას ზღუდე“ (ნ.ახმეტელი, დ.ლორთქიფანიძე, საქართ.ისტორია, 9კლ. გვ.77. პეტრა–ლათინნურად კლდე, კრიო–კლდის სანგრევი მანქანა. 2006წ).
                                                                         
     იყო პეტრა „ციხე–ქალაქი იუსტინიანესი“, სადაც შესაძლებელი იყო სამი ათასი ციხოვანი მეომარი მდგარიყო ხანგრძლივად, საჭიროებისამებრ და ყოფილა ციხე ორმაგი  ზღუდე – კედლით გარშემორტყმული. ორი მეტრი ჰქონია სისქე კედელს გარეთას, ხოლო ერთი მეტრი შიგნითას, ორთავეს კი ჰქონდა სიმაღლე 15მ, ალაგ და ალაგ ლამაზი კოშკებითა და კოშკურებით გამაგრებული, შიგ მოქცეული ეკლესიითა და ქარვასლით დამშვენებული. პეტრას ციხის მთავარი კედლის სიმაღლე, თუ ოსმან ბეის დაეჯერება, 120მ სიმაღლის ყოფილა თურმე...
      „...და შეიყარნენ პეტრასთან რომისა და სპარსეთის ლაშქარნი...“ იუწყება შემდგომად ამისა პროკოპი კესარიელი... და ებრძოდნენ აქ ბიზანტიელნი სპარსულ გარნიზონებს – ბანს აძლევს სხვა.
     პეტრას წარსულ დიდებაზე დუმილს ვერ ახერხებენ ვერც კეისარ იუსტინიანე და ვერც სქოლასტიკოს პოეტი აგათია, ვერც დიუბუა, დე მონპერე, და ვერც ბრუნი, ვერც ვეინდენბაუმი და ვერც კარლ ფოღლუ. ვერც ამ ციხე–ქალაქში თვით ბიზანტიელთა ჯარის სტრატეგოსად მჯდარი იოანე ციბე, ვისი რჩევითაც ვითარცა ვთქვით „ააგო“ მეფე იუსიტინიანემ „ლაზების ქვეყანაში“ ზღვისპირა ქალაქი და როგორც პროკოპი იტყოდა, დაჯდა თვითონ მრჩეველი ციბე აკროპოლისში“ (ე.დავითაძე, სოფლის აღმაშენებელი, გვ.68. თბ. 1990 წ).
                                                                          
    ციბე, რომელმაც თავისი ხარბ–ვაჭრული ბუნებით და მოძალადეობით „რომაელთა და ლაზთა ყველა საქმე გაამრუდა და არივ–დარია..“ სწორედ ამიტომ იყო, რომ ეგრისის ძლევამოსილმა და პირმტკიცე მეფემ, გუბაზმა, ბიზანტიელთ ზურგი აქცია და მხარდაჭერა ქართველთა ისტორიულ მტერს, სპარსეთს და მისს შაჰს – ხოსროს სთხოვა. 542 წელი გახლდათ ეს, ანუ ბიზანტიასა და ირანს შუა ოც–წლიანი ომის დასაწყისი...
    პროკოპი კესარიელი, „იმპერატორ იუსტინიანეს ომები“,  „როგორ იქცევიან ბიზანტიელები.“ წერდა: „ციბე იჯდა პეტრას, ვითარცა აკროპოლისი და ძარცვავდა ლაზთა ქონებას, ვაჭრებს ხომ უკვე ნება აღარ ჰქონდათ, კოლხიდაში შეეტანათ მარილი და სხვა საქონელი, რაც ლაზებისთვის აუცილებლად საჭირო  იყო, არც აქედან შეეძლოთ ეყიდვინებინათ, არამედ მან შემოიღო მონოპოლი და თვით გარდაიქცა  მეწვრილმანედ და მთლი ამ საგნებით  ვაჭრობის ზემდგომელად: ყველაფრეს ყიდულობდა  და აწვდიდა  კოლხებს ისე , როგორც  ეს მის მიერ იყო ნებადართული. გარდა ამისა, ბარბაროსები  იმითაც იყვნენ  უკმაყოფილო  რომ მათ რომაელთა  ჯარი ჩაუყენეს, რასაც წინათ ადგილი  არ ჰქონია. რადგან ამის ატანა აღარ  შეეძლოთ,  განიზრახეს მიმხრობოდნენ სპარსელებს და ხოსროს“ (საქართველოს და მსოფლიოს ისტორია, მე–11 კლ. გვ.83. 2006წ).
     542 წელს დაიწყო ხანგძლივი, სისხლისმღვრელი ომი ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. სპარსეთ-ბიზანტიას შორის  გამართული ამ ომის  ძირითადი  ასპარეზი  სწორედ საგულდაგულოდ გამაგრებული  ციხე პეტრა გახლდათ.
   ამ ბრძოლებისას, პირველ ხანებში, სპარსეთმა როგორღაც მოახერხა საუცხოოდ გამაგრებული პეტრა-ციხისძირის აღება, მაგრამ დროებით...
   მალე აშკარა გახდა სპარსელების ჩანაფიქრი. მათ სურდათ ამ მეტად სტრატეგიული ციხის ხელში ჩაგდება, ეგრისის  მეფის გუბაზის მოკვლა, ეგრისელების აყრა–გადასახლება და მათ ნაცვლად სპარსელი მოსახლეობის ჩასახლება იმ ადგილებში.
გაიგო რა  სპარსელთა გულისნადები მეფე გუბაზმა, იგი აუჯანყდა სპარსელებს და ისევ ბიზანტიის კეისარს მიემხრო.
   პეტრა–ციხისძირის ციხის ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი უძველეს საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაშთები,რომლებიც აცოცხლებენ და მნახველ წარმოუდგენენ ეგრისელთა გმირული ბრძოლების სურათებს. დასავლეთ საქართველოში ირან–ბიზანტის ომის დროს ბრძოლები ძირითადად ციხე სიმაგრეების ასაღებად იმართებოდა. საინტერესოა, ყოველთვის იყო თუ არა ბრძოლის ბედი დამოკიდებული ძალაზე და ბრძოლის რა ხერხებს იყენებდნენ ირანელი და ბიზანტიელი მეომრები.
   ამის შესახებ ინფორმაციას კვლავ ბიზანტიელ ავტორებთან, პროკოპი კესარიელთან ვპოულობთ: „სპარსელებმა პეტრას ალყა შემოარტყეს, მიწაში მალული გვირაბი გაიყვანეს და ერთ–ერთი კოშკის ქვემოთ აღმოჩნდნენ“ ( ნ. ახმეტელი, დ. ლორთქიფანიძე, საქართველოს ისტორია, მე–9 კლასი, გვ.78. თბ. 2008 წ).
    „რომაელებს პეტრასთვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული. რომაელებთან ერთად ჯარში იყვნენ საბირები (კავკასიის მთების მახლობლად ცხოვრობდა. ზოგი მათ ჰუნებად მიიჩნევს, ზოგი ქართულ–სხვანურ ტომად).
                                                                         

ონაგრი
     
    ეს საბირები ზღუდის სანგრევ მანქანებს ისე კი არ იყენებდნენ, როგორც ამას ჩვეულებრივ შვრებიან, არამედ სრულიად ახალი წესით. ისინი ამ მანქანაში მორებს კი არ აწყობდნენ, არამედ ერთმასნეთზე გადაბმულ მსხვილ ჯოხებს. მთელ მანქანას ტყავით ფარვდნენ და ამ გვარად მალავდნენ მას. მანქანის შუაში მხოლოდ ერთი მორი იყო ჩამოკიდებული.... მორის ბოლოს ისრის წვერივით წვეტიანსა და რკინით მოჭედილს ხშირ–ხშირად აძგერებდნენ ზღუდეს. მანქანა მსუბუქი იყო. მას შედარებით იოლად იდგამდნენ მხრებზე 40 კაცი, რომლებსაც ეს ბოძი უნდა აეწიათ და ზღუდისთვის ეძგერებინათ. ისინი მანქანაში იყვნენ ჩამალულნი და ზედ ტყავი ჰქონდათ გადაფარებული. როდესაც მანქანიდან სროლა კედელზე ქვათა წყობას შეარყევდა, კედელიც ხშირად დარტყმისგან ირყეოდა, მანქანის ორივე მხარეს მდგომნი კი ანკესისებური შუბებით აძრობდნენ შერყეულ ქვებს შენობის წყობიდან.
    ხოლო სპარსელებმა ასეთი რამ მოისაზრეს: ზღუდის ზემოთ მათ დადგეს ხის კოშკი, რომელიც ძველადვე დაემზადებინათ. აავსეს ის საუკეთესო მებრძოლებით, რომლებიც შეჭურვილი იყვნენ რკინის ლურსმებითა და აბჯრით. მათ აავსეს ქოთნები გოგირდით, ასფალტით და ერთი საწამლავით, რომელსაც სპარსელები ნავთას, ელინნი კი მას მედეას ზეთს ეძახიან. მოუკიდეს ცეცხლი და ესროდნენ ზღუდის მანქანებს“ (ნ.ახმეტელი, დ.ლორთქიფანიძე. საქართველოს ისტორია, მე–9 კლასი, გვ.79. თბ. 2006 წ).
   არა და არ დაცხრა ქართველთა სისხლი, სისხლი ვერ შეჩვეული სხვათა ბატონობას, არა და არ დაიდგა ნებით მონობის უღელი ქართველთა ამაყმა ქედმა. 549 წელს ისევ შეიბნენ მომხდურ–დამხვდურნი, აწ უკვე საბოლოოდ და სამკვდრო–სასიცოცხლოდ და ამჯერად ბიზანტია–ლაზიკამ  იმარჯვეს მტერზე.
    მაგრამ, რა მგელს შეუჭამიხარ და რა მგლისფერ ძაღლსაო – ნათქვამია, ჰოდა, ასე მოუვიდა პეტრას ციხესაც: ბიზანტიელმა ბესსამ ერთ–ერთი ბრძოლის დროს დაანგრია და ოდესმე კვლავ ბიზანტიის მტრებს არ დაედოთ ბუდე შიგ და აღარც ლაზიკას ჰქონოდა მძლავრობა აქა, თვითონ ბიზანტიის უფლებაზედ უფრო აღმატებული...
    „ციხე–ქალაქი პეტრა მეექვსე საუკუნის ეგრისის სტრატეგიული ფორპოსტი იყო და ჰქონდა პეტრას განუზომელი ფასი მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკურ–ეკონომიკური თუ სამხედრო–სტრატეგიული თვალსაზრისით, რამაც ოქროს ფურცლად აქცია ჯერ ეგრისის ისტორიაში, ხოლო შემდეგ – არც მეტი, არც ნაკლები – იგი მსოფლიოს მოვლენების შუაგულ ცენტრში მოაქცია!“
     აკადემიკოსი ს. ჯანაშია წერდა: „პეტრამ იმდროინდელ დასავლეთ საქართველოს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა, რამდენადმე მსგავსი თბილისის როლისა აღმოსავლეთ საქართველოსთვის“ (ქობულეთის რაიონის კულტურული ძეგლები, გვ.13. ბათუმი, 1980 წ).
     ოდითგან და ახალი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში ციხიძირზე გადიოდა მრავალი საარსებო გზა:
·         ქობულეთი–პეტრა–ციხისძირი–ბათუმი–აჭარისჭყლის ხეობა–გოდერძის უღელტეხილი–სამცხე.
·         სარფი–გონიო–ბათუმი–პეტრა–ციხისძირი–ჩაქვი–ქობულეთი–აფხაზეთი–ყირიმი.
·         აჭარიდან მცირე აზიისკენ.
ქობულეთი–პეტრა–ციხისძირი–ბათუმი–არტაანი;                                                         ქობულეთი–პეტრა–ციხისძირი–ბათუმი–ართვინი;                                                     ქობულეთი–პეტრა–ციხისძირი–ბათუმი–ლაზისტანი.
  როგორც ვხედავთ, ყველა გზას პეტრა–ციხისძირის ციხესთან უნდა გაევლო და უვლიათ აქ წარსულში რომაელებს, ბერძნებს, ჩინელებს, ინდოელებს, ფინიკიელებს, ეგვიპტელებს, ბაბილონელებს, ირან–სპარსელებს, თათარ–მონღოლებს, არაბებს, თურქებს....
                                                                           
    ადრეფეოდალურ ხანაში პეტრა მნიშვნელოვანი კულტურულ–რელიგიური ცენტრიც ყოფილა. აკროპოლის, შიდაციხის–დედაციხის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა მიაკვლიეს დიდი სიზუსტით დამუშავებული ქვათლილებისგან ნაგებ სამნავიან ბაზილიკას. აღმოსავლეთის კარებთან გაიწმინდა კედელში ჩაშენებული ბოლნური ჯვარი, რომელიც თურქთა ბატონობის ხანაში კირხსნარით დაუფარავთ.
  არსებობს კიდევ ერთი იშვიათი მონაპოვარი, პეტრა–ციხისძირიდან წარსულ ჟამთა სიავეზე მეტყველი: „შეკიდული ბეჭედი“ – ასე უწოდებენ 10-11 საუკუნის ამ ამ უცნაურ განძს, რომლის შუბიდან აბჯარასხმული, ხელშუბოსანი წმინდა გიორგი შემოგვცქერის.
„უფალო დაეხმარე გიორგი მაკტეოსს“ – ვკითხულობთ მასზე და ვითარცა მართებულად უკითხავთ ჩვენამდეც, არავის უწყის, რა კავშირშია იგი 10–11 საუკუნის პეტრა–ციხისძირთან! ფაქტი ერთია, რომ ეს იშვიათი არქეოგანძი ერთადერთია მას აქეთ, რაც გამქრალა მისი მსგავსი ბეჭეთთაგანი თვალსაწიერიდან.
       ზედ ციხის–გალავანის შიგნით დატანებულ სამნავიანი ბაზილიკის საკურთხეველთან უნახავთ იგი და არც უწყის ვინმემ, თხოვნა მოიტანა თუ მუქარა პეტრა–ციხისძირს თვით იმ უსტარმა, რომელზედაც ეკიდა ეს ბეჭედი დასტურთდასტურად არავინ უწყის , რადგან აღარსად არის უსტარი, თვითონ ბეჭედი კი იშვიათ ცნობებს შეიცავს, მაშინდელი ბიზანტიის ძლევამოსილი იმპერიის თუ სხვა  მახლობელი ქვეყნების პოლიტიკურ, სოციალურ–ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე....(თ. კომახიძე, აჭარა წარსულის გადასახედიდან, გვ.77. ბათუმი, 1995წ.)
      ასეთი იყო პეტრა–ციხისძირი, როგორც პოლიტიკური ცენტრი. და იყო პეტრა–ციხისძირი, პეტრა–ლაზიკის საეპისკოპოსო კათედრალის ცენტრი და ადგილსამყოფელი, რამეთუ ადრეფეოდალური ლაზიკის სამეფოს ოთხ დიდი საეპისკოპოსო კათედრალთაგან ერთი უმთავრესი სწორედ პეტრა–ციხისძირს ეფუძნება. მჯდარა აქ, პეტრას საკათედრალო ტაძრში  ეპისკოპოსი იოანე პეტრელი, რომელიც 692 წელს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას დასწრებია. და მორჩილებდა პეტრას საეპისკოპოსოს მთელი სამხრეთი საქართველოს, ჩათვლით ჭანთა სამღვდელო სამთავროსი....
    ამგვარად, პეტრა–ციხისძირი იყო არა მხოლოდ პოლიტიკური გზაჯვარედინი იმ დროინდელ მსოფლიოსი, არამედ ქრისტეს მსახურების ერთი უმთავრესი გამგებელიც და დამკანონებელიც!                                                
                                                                                                                                                               
      ამაყად იდგა პეტრა–ციხისძირის აკროპოლისი ორმაგ–კედლოვანი ციტადელებით, საფორტიფიკაციო კოშკებით თუ სანიშნე კოშკურებით და ბრძანებლობდა საქართველოზე გამავალ საზღვაო თუ სახმელეთო გზათა, მეგზურთა და მოგზაურთა ზედ! ხოლო, მაშინაც კი, როცა იგი „ქობულეთის ქვეყანაში“ უცხოთა ძლიერების ტახტს მორჩილებდა, როგორც სტრატეგიული–ეკონომიკური ცენტრი, მაინც სამშობლოს სამსახურში იდგა  „ქაჯეთის ციხედ“ წოდებული და თვით ფეოდალური საქართველო ეფარებოდა პეტრას ბეჭებს...                          
    და იცვლებოდნენ  სტუმარნი ციხისძირისა, სტუმარნი–მეთქი და არა მასპინძელნი, იმის და მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის პოლიტიკური ქარი მძლავრობდა, რომელი მხრიდან.
    მოდიოდნენ და მიდიოდნენ თაობები კაცისანი და რჩებოდა კვალი მათი ფენებად, რომელთაც ახლა მეცნიერები  პირველყოფილ თუ ძველკოლხურ, განვითარებულ თუ გვიანი შუა საუკუნეების, ელინისტურ თუ გვიანანტიკურ საფეხურაბად ყოფენ და ათარიღებენ.
     დავით ხახუტაიშვილის წიგნში „ქობულეთის ქვეყანა“ ვკითხულობთ:“ „პეტრა–ციხისძირის მიდამოები უძველესი ეპოქიდან ჩანს დასახლებული. ამის ნათელი დადასტურებაა კოლხური ბრინჯაოს ცულების, თოხების, წალდებისა და სხვა სახის სამეურნეო იარაღების შემცვლელი განძების აღმოჩენები. აღმოჩენილია ბრინჯაოს ზოდების დიდი რაოდენობა. ქობულეთის „ქვეყანაში“ ლითონის ნამგლები მთელ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ციხიძირის განძშია წარმოდგენილი.“
ახლოს მისვლას, უფრო საფუძვლიან შესწავლასა და გათხრას ელის დრო–ჟამისაგან ვნებანანახი და ისევ დრო–ჟამის შემყურე პეტრა–ციხისძირი. ვინც იცის, რამდენ საიდუმლოს გაგვიმხელენ ნივთმონაპოვარი აწ რომ უნდა მოგვცენ ციხენარჩენებმა.
   სახელმწიფო ერმიტაჟის უმდიდრეს ფონდებს ამშვენებს ციხისძირის მიდამოებში აგრაკის მშენებლობისას ნანახი რომაული ხანის (ახ.წ.აღ–ის. პირველი საუკუნეების) წარჩინებული პირის სამარხეული მასალები: ოქროს შესანიშნავი აგრაფი იმპერატორ ლუცი  ვერუსის პორტრეტული გამოსახულებით, ოქროს ძეწყვი, ფირფიტები, ბეჭდები, საყურეები, გულსაკიდები, მძივები, ვერცხლის ლანგრები, ერთ–ერთი მათგანი შემკულია ქალის რელიეფური გამოსახულებით, რომელსაც ხელში სიუხვის ყანწი უჭირავს. აქვეა წარმოდგენილი სპილენძიასა და ვერცხლის ფულები.
   აქვე მინდა დავძინო, ჩემი გულისტკივილი და სურვილი. „ციხისძირის განძი“ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდსაც დაამშვენებდა, ცხრა მთას იქეთ, რომ არ გადაეზიდათ....
     ღმერთმა ინებოს, ღმერთმა ისურვოს ეს ძვირფასი განძი საქართველოს დაბრუნებოდეს. ამინ!
     დედაციხის ტერიტორიაზე დამთვარიელებელთა ყურადღებას იქცევს კირხსნარზე აგურებით ნაგები წაგრძელებული შენობის  აბანოს ნაშთები. რომაული თერმების მსგავსად, აბანოს საცეცხლურს ჰქონია ცხელი, გრილი და ცივი სააბაზანო განყოფილებანი, რაც მაღალი ჰიგიენური დონის მანიშნებელია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა XII საუკუნის ქართული თეთრი მარმარილოს დამამზადებელი კერა. აღმოჩენილი აგრეთვე ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მედალიონი, ჩვ.წ. აღ–მდე III საუკუნის, რომელიც ინახება ქალაქ პეტერბურგში, ერმიტაჟში.
    მიჰქრონდნენ ბედისწერის რაშები....
    ილეწებოდნენ ხან სპარსთა და ხან რომაელთა მანქანები და გოდოლსანგრევები პეტრას კედლებთან, ხან მომხვდურისა და ხანაც დამხვდურის ნება–სურვილზე ბრუნავდა პეტრას ბედიღბალის ჩარხი და ტრიალებდა მის თავზედ ცოდვის კალო–კვერი.
   ეს იყო 550 წელი, წელი პეტრას დიდების დამხობისა და მისი ძლიერების მიზნის ჩასვენებისა....
    მერე?
მერე რაც გადარჩა, თურქ–ოსმალო დაეპატრონა , შიგ ოცდახუთამდე ზარბაზანი შეათრია , მერე მოდგა და უკორტნა დაჭრილი გულმკერდი.... დიდი გულმოდგინებით ამტვრიეს, კირხსნარებით ლესეს, შალეს და ღებეს ციხის კლდე–კარიბჭეზე დატანებული ბოლნური ჯვარი, თუმცა, მაინც ვერ მოსპეს იგი.
   მეთვრამეტე საუკუნეში კიდევ ერთხელ გაიგრიალებს თითქმის ჩამკვდარი პეტრას სახელი: 1784 წელს, პეტერბურგში, რუსთა იმპერატორის კარზე მყოფი იმერეთის სამეფოს სარდალ–სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი თვითონ პოტიომკინს ეაჯაბა, დალაშქროს და აიღოს ციხისძირი. ეს სურვილიც ახდა, მაგრამ ცოტა გვიან, 1878 წელს, რუსეთ–თურქეთის ომის ჟამს, რამაც ამ კუთხესა და მის ციხე–ბურჯებსაც ქართველთა თავდადებული და აქტიური მონაწილეობით თავისუფლება მოუტანა...
„1877–1878 წლების  რუსეთ–თურქეთის ომის დროსაც ციხისძირი წარმოადგენდა გააფთრებული ბრძოლების ასპარეზს. თურქეთის წინააღმდეგ ომში რუს მხედრობასთან ერთად თავგანწირვით იბრძოდნენ ქართველი შენაერთები. ეს იყო ქართველი ხალხის სამშობლოს გამოხსნისთვის საუკუნოვანი ბრძოლების გაგრძელება. რუსეთ–თურქეთის 1877-1878 წლების ომს პეტრას საბოლოო გათავისუფლება მოჰყვა (ქობულეთის რაიონის კულტურული ძეგლები. გვ.17. ბათუმი, 1980 წელი).
     ემენ დავითაძე წიგნში „სოფლის აღმაშენებელი“ წერდა:  „თურქთაგან გამოხსნის შემდეგ, აგერ ახლახან, ჩვენი საუკუნის (იგულისხმება მე–20 საუკუნე) გარიჟრაჟზე დაანგრიეს ეს პეტრა არა ზარბაზნებმა, არამედ ლაღუმებმა .ისევ აკვნეს–აზანზარდა  გადრჩენილი პეტრა.“ „ქაჯეთის ციხის“ ისტორიული ბჭენი და კედელნი. ბათუმის ოლქის გენერალ–გუბერნატორს ვინმე ერისთავს „დაუდგამს გვირგვინი“ თურმე ციხის ნგრევისათვის.
   ასე გაჩნდა პეტრა–ციხისძირის ციხის კედლებში ნაცვლად მცირე და ბაზილიკისა, მეფის რუსეთის ჩინოსანთა თუ უჩინოთა სააგარაკოები. ზოგმა ლიმონარიუმი მოაწყო, ზოგმაც ქვის სამტეხლო კარიერი, აქედან ადამიანი მიდგა ციხის გადარჩენილ და დაღლილ–დაქანცულ ნანგრევ–ნაშალს, იქედან  ზღვა და წლებით დამძიმებულ, სამშობლოს სამსახურში სისხლდანთხეულ ჭაღარა ციხეს მეტი კი აღარ უდოდა.....
 ასე დაემხო ოდესღაც მსოფლიო მოვლენათა მოკარნახე პეტრა–ქაჯთა ციხის ძველი დიდება.
   

No comments:

Post a Comment