Thursday, November 14, 2013

ეთნოგრაფიული მასალები

                                                                           

     ქობულეთის ისტორიის გაცნობის შემდეგ, გვერდს ვერ აუვლით იმ ეთნოგრაფიულ თავისებურებეს, რომელიც ახასიათებს ქობულეთს და ქობულეთელებს.
           საინტერესოა, უპირველესად გავეცნოთ ჩვენი ქალაქის ტოპონიმიკას.
   „ქობულეთი“ – საისტორიო წყაროებში იხსენიება მე–17 საუკუნიდან. გაცილებით უფრო ადრე ბერძენ ისტორიკოსებს ამ მიდამოებში მოხსენებული აქვთ ქალაქი პეტრა. შესაძლოა ეს ქალაქი სწორედ ქობულეთი იყოს. ბერძნულად პეტრა ნიშნავს კლდეს. ხოლო ქართული სიტყვა ქვაბი, საბას განმარტებით, არის „კლდე გამოკვაფული“, ე.ი. კლდეში გამოკვეთილიგამოქვაბული.
   ქობულეთ–ში ეთ გამოიყოფა, როგორც გეოგრაფიულ სახელთა საწარმოებელი სუფიქსი. გვრჩება ქობულ ან იგივე ქვაბულ. შეიძლება სხვაგვარი ვარაუდიც: ქობულეთი მიღებული იყოს არა ქვაბისა და ქვაბულისაგან, არამედ ადამიანის საკუთარი სახელისაგან. ქობული, რომელიც გვხვდება ძველ ქართულში. (მაგალითად: ქობული საკუთარი სახელი გვხვდება მე–6  საუკუნის მცხეთის ჯვრის წარწერაში).
                                                                                
   ფიჭვნარი–ქობულეთის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარეობს. აქ არქეოლოგიური გათხრები წარმოებს და ძველი ქალაქის ნაშთები გვხდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს უნდა იყოს ბერძნული წყაროებში მოხსენიებული პითია (პითი ბერძვნულად „ფიჭვს“ ნიშნავს).“ (ზ. წუმბურიძე, რა ჰქვია შენ? გვ. 104, თბ., 1996).
   საქართველოში ეთნოგრაფიას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ასევე საყურადღებოა აჭარელთა ყოფა–ცხოვრების, სამეურნეო ყოფის, ნივთიერი და სულიერი კულტურის გაცნოცბა. ამ მხრივ ქობულეთს მდიდარი ტრადიციები აქვს, რომელიც სათავეს იღებს ელინიზმიდან.

                                                                                       
                                                                               

                                  ნაქალაქარზე ამოზიდული ქალაქი        
                                                                                         

                                                                              
    ქობულეთის „ქვეყანა“ თავის გეოგრაფიულ საზღვრებში უკვე ადრენეოლითიდან ისეთი „თვითკმარი მახარე იყო, რომელიც აქტიურად მონაჭილეობდა მწარმოებელი მეურნეობის ადრეული ეტაპის ფორმიტებაში. აქვე ჩაეყარა საფუძველი ადრესამიწათმოქმედო მეურნეობას და მეცხოველეობას, მეთუნეობას. ე.წ. „ქვის ინდუსტრია“ და ა.შ.
   ადრებრინჯაოს ხანაში ქობულეთის „ქვეყანაში“ ფუნქციონირებდა კოლხური სამყაროს ერთ–ერთი ლითონდამუშავებულიკერა, რომელიც თავისი ტექნიკური აღჭურვილობის დონით არაფრით ჩამოუარდებოდა ახლო აღმოსავლეთის დაწინაურებულ რეგიონებს.
გვიანბრინჯაოს–ადრერკინის ხანაში ქობულეთის „ქვეყანა“ აგრძელებდა წინამორბედ პერიოდში შექმნილ ტრადიციებს  და საგრძნობლად ანვითარებდა მას. გრძელდებოდა ლითონდამუშავება, იქმნებოდა რკინის მოპოვების ერთ–ერთი ძირითადი კერა. გაჩნდა მოხვნითი მიწათმოქმედება, სამთო მოპოვებითი წარმოება. „აღმოსავლეთი და სამხრეთ აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი წარმოადგენდა რკინის წარმოების ერთ–ერთ პირველ კერას ძველ მსოფლიოში. ეს იყო ქართველ ტომთა კოლხური ჯგუფის განასახელების რეგიონი, სადაც წარმოიქმნა კოლხეთის პირველი სახელმწიფოებრიობა და გაფორმდა ცნობილი ხალხური ცივილიზაცია, რონელიც არგონავტებზე თქმულებაში არის ასახული“ (დ. ხახუტაიშვილი, კოლხეთის რკინის მეტალურგიია სათავეებთან, გვ. 218, 1964 წ).
                                                                           
    გვიანბრინჯაო–ადრერკინის ხანაში ქობულეთის საფეიხრო საქმის დაწინაურებაზე მიგვანიშნებს მრავალრიცხოვანი კვირისტავები, რომლებიც ზღვისპირა ზოლის ნამოსახლარებზეა აღმოჩენილი. ნართი ქართველის სხვადასხვა სახეობა გამოიყენებოდა მრავალგვარი დანიშნულებით: ტანსაცმლის, ტომრების, თავსახურის, ფეხსაცმლის ზოგიერთი სახეობის დასამზადებლად. ქობულრთის ეთნოგრაფიულ ყოფაში ტერმინი „ქსოვა“ დღესაც გამოიყენება. ტერმინი „წვნის“ სანაცვლოდ იხმარება „კალათის მოქსოვა,“ „გიდელის მოქსოვა,“ „გოდორის მოქსოვა“ და ა.შ.
    ანტიკური ხანის ქობულეთის რეიტინგი საფეიქრო საქმეში თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ მას ძირძველი ტრადიციები ასაზრდოებდა, ჰეროდოტე მოგვითხრობს: „....მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად....კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი ეგვიპტურს“ (ჰეროდოტე, ისტორია, ტომი I, გვ, 156, თბ., 1975 წელი).
   ქობულეთი კოლხური სამყაროს არა მარტო ფიზიკურ–გეოგრაფიული და სოციალურ–ეკონომიკური ნაწილი, არაემდ სულიერი ცხოვრების თანამოზიარე იყო, რაც კარგადაა ასახული იმ ნივთიერ კულტურაში, რომელიც ქობულეთის არქეოლოგიური შესწავლის პროცესში იქნა გამოვლენილი, აგრეთვე ეთნოგრაფიულ და ფოკლორულ  მასალაში.
                                                                                    
   ხალხური რწმენის გადმონაშთები შეიცავენ კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც ასახავენქართველ ტომთა რელიგიურ წარსულს. ქობულეთში, ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარზე აღმოჩენილი ნივთიერი წყაროები წარმოადგენს უაღრესად ძვირფას წყაროს, რომელსაც შეუძლია გადაჭრას ქართველი ხალხის ეთნოგრაფიის რიგი არსებითი საკითხი, მაგალითად: ისპანიის ტორფქვეშა ნამოსახლარზე, ქვედა ჰორიზონტში მოპოვებული იქნა ადამიანის მცირე ზომის ქანდაკება, რომელიც თიხისგანაა დამზადებული.ვარაუდობენ რომ იგი ნაყოფიერების ღვთაების გამოსახულებაა. აქ დადასტურებულია აგრეთვე ხარის კულტის ასებობა რომლის დიდი რაოდენობიტ გვხვდება ფიჭვნარის, ბობოყვათის ნამოსახლარეებზე. აღმოჩენილია საკურთხევლები, რომელთა მშენებლობაშიც ხარის რქების ფორმის თიხის სადგრებია გამოყენებული. მოგვიანებითუნდა გაჩენილიყო „ხარი–მხვნელის“ კულტის კერძოდ იმ დროს, როცა გაჩნდა მოხვნითი მიწათმოქმედება.კოლხური სინამდვილე არის ასახული თქმულებაში არგონავტების ლაშქრობაზე. აი რას ეუბნება მეფე აიეტი იაზონს:  „არესის ველზე გაშვებულ მყავს ორი სპილენძისჩლიქიანი ხარი, რომლებიც ცეცხლს აფრქვევენ. მე მათ უღელში ვაბამ და არესის ოთხი დღიური ხოდაბუნებისაკენ მივრეკავ“ (ა. როდისელი, არგონატიკა, თბ., 1970 წელი).
                                                                              
   საქართველოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში და მათ შორის ქობულეთშიც ფართოდ იყო გავრცელებული გველის კულტი. განსაკუთრებით „ოჯახის მფარველი გველი,“ რომელის მოკვლა დღესაც ითვლება ცოდვად. აი რა გვიამბო 85 წელს  მიღწეულმა ქობულეთის მკვიდრმა რეზო მჟავანაძემ: „ქობულეთში და საერთოდ აჭარაში, ყოველ სახლა გააჩნია ბინის პატრონი–გველის სახით. ის ადამიანს არ ვნებს, იშვიათად გამოჩნდება, თუ მას ვინმე მოკლავს მისი ცხოვრების საქმე წინ არ წავა, ადამიანს ზიანი მიეცემა, ოჯახის უფროსი შეიძლება თან წაიყოლოს. ოჯახის გველს ხშირად რძეს დაუდგამდნენ ჯამით. გველის კულტის შესახებ ჩემი წინაპრებისგან მსმენია.“
  „გველის კულტის არსებობას ადასტურებს ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარები. გველის სქემატური გამოსსახულება აბაზანის ტიგელზეა დატანილი. აგრეთვე თიხის სადგრებზე, ბრინჯაოს პინცეტებზე, ბრინჯაოს ბალთებზე, სარიტუალოსაკიდებლებზე, განსაკუთრებით მრავლადაა გველის გამოსახულებები ბრინჯაოს კოლხურ ცულებზე“(დ. ხახუტაიშვილი, ქობულეთის ქვეყანა, გვ. 97,ბათუმი, 1995წ).  
                                                                                     

   
„ქობულეთის „ქვეყანაში“ გველის კულტისარსებობის მაუწყებელია გამოსახულებები საბერველების საქშენ შტვირებზე, აგრეთვე რიტუალურ თიხის ფილებზე ბობოყვათის ქვიშაზვინურებიდან.“აქვე შეიძლება გავიხსენოთ თქმულება არგონავტებზე, სადაც წმინდა მუხაზე შემოკიდულ ოქროს საწმისს გველეშაპი დარაჯობდა, ქობულეთის მახლბლად იგულისხმება“ (გ.თავამაიშვილი, არქეოლოგიური გათხრები, ბობოყვათის ქვიშაზვინურებზე. გვ.39, თბ., 1991 წელი). გველის კულტის არსებობა ქობულეთმა დღემდე შემოინახა.

                           ქობულეთში დარჩენილი მარგალიტები

   მდიდარი და მრავალფეროვანია ქართული ფოლკლორი. მდიდარი ფოლკლორული მასალები შემოგვინახა ქობულეთმა და ქობულეთელებმა.ქართულ ფულკლორის ბრწყინვალე ნიმუშად ითვლება ქობულეთელი სახალხო მთქმელის ყურშუმ ჭყონიას ლექსი, რომელიც მიძღვნილი არის თამარ მეფისადმი. ეს ლექსი თედო სახოკიას ჩაყწერია ქობულეთში მოგზაურობის დროს 1898 წელს. აი ეს ლექსიც:
ათასი კაბა ყმა მყავდა,
ყველანი ოქროს ღილითა,
ვაჭმევდი დედალ ხოხობსა,
ვასმევდი ბროლის ჭიქითა,
ვინცა შემება, შევები,
ალალითა და ჭიქითა,
აწი თქვენ იცით მეფენო,
ვიც დარჩით ამას იქითა.“
ყურშუმ ჭყონიას შვილი მემედიც ხალხური მთქმელი ყოფილა. დიდი პატრიოტული გრძნობითაა დაწერილი ლექსი: „სამშობლოს სიყვარული:“
„სამშობლოს მიწის ნამცეცი
ყოველ სხვა განძზე ძვირია,
მას გვერდით დავეფერები,
თუნდ ვიქნე განაგმირია.
მე წინაპარი მყოლია
მამაცი, სახელდებული:
შოთა, ერეკლე,თამარი
დიმიტრი თავდადებული.
ჩემში უმანკო სისხლი სჩქეფს,
გმირ, უშიშარი ქართველის,
დე, მოვკვდე, ოღონდ სამშობლოს
შუქს ჰფენდეს სხივი ნათელი....“

(თ. კომახიძე, ქობულეთი და ქობულეთელები, გვ. 102, ბათუმი, 1997 წ).

                                                  ხალხური ტრადიციები
                                                  
                                                                              


საახალწლო

   ქობულეთელებს მრავლად აქვს შემონახული უძველესი ტრადიცია, ზნე–ჩვეულება განსაკუთრებით დიდი ზეიმით ხვდებიან ახალ წელიწადს. „გურიიის მსგავსად, აჭარაში საახალწლოდ „ჩიჩილაკს“ აკეთებენ. „ჩიჩილაკი“ ასე კეთდება: მასალა, რომლლისგანაც ჩიჩილაკი უნდა დამზადდეს, არის თხილის ან ლუკუმხის სწორი ტოტები. მას ჯერ დანითგარეკანს გაცლიან, შემდეგ ერთი ბოლოთი ზოლებად კანს აცვლიან, ხოლო მეორე ბოლოთი რჩება დამაგრებული ხეზე. „ჩიჩილაკს“შეიძლება გაუკეთდეს ფეხი, საყდენი და ზედ შეიძლება დაჰკიდონ სხვადასხვა სათამაშოები.
   ახალი წლის საღამოს დაიწყებენ კარდაკარ სიარულს, დადიან თითქმის გათენებამდე. გალობით ულოცავენ ოჯახებს ახალი წლის მოახლოებას და ისინიც აძლევენ საჩუქრებს. მიმლოცველების სიმღერის ტექსტია:
„შემოვდგი ფეხი, გილოცავ,
გწყალობდეს წმინდა ბასილი,
იმისი მადლით იყავით
პურით და ღვინოთ ავსილი.“



    საახალწლო სუფრას აუცილებლად ამშვენებს ტკბილეულობა. აჭარელი გლეხის რწმენით ოჯახის ბედ–იღბალი „მფერხავზეა“ (მეკვლე) დამოკიდებული. წლის მდგომარეობის მიხედვით იტყვიან: მფერხავი კარგი ან ავი ფეხის ყოფილაო. მეკვლე მთელი დღე ოჯახში რჩება, ის სხვაგან ფეხს ვერ გადადგამს, რათა სახლის ბარაქა თან არ გაიყოლიოს.
   „ახალი წლის მეორე დღეს „ქათმისფერხვა“ იციან. იგი ოჯახის რიგით წევრს შეუძლია. დილით ადრე მფერხავს კოთხოთი (ტკეჩის ყუთი) მისცემენ ბევრ საკენკს, რათა ქათმები მთელი წლის განმავლობაში მაძღარნი იყვნენ. მფერხავი გამოუშვებს ქათმებს საკენკად, დაუყრის საკენკს და ტან შეულოცავს:
„ჯიჯი ჯიჯი დედალაო,
ჯიჯი ჯიჯი მამალაო,
ასი დედალ, ასი მამალ,
ასი მისი მოჩხოროზი.“
  ამ დალოცვას მფერხავი სამჯერ ამბობს და თან უყრის საკენკს. მფერხავი იმ დღეს სხვაგან ვერ წავა, სახლში უნდა დარჩეს თორემ ქათმები შორს წასვლას დაიჩემებენო. მფერხავი ფერხვის შემდეგ აირჩევს ერთ სკამს დასაჯდომად, თორემ კრუხი ბუდის გამოცვლას დაიწყებსო. ამ დღეს იხარშება სიმინდი, რადგან კრუხმა ბევრი წიწილა მოიყვანოსო“ (სოფელ ალამბრის მკვიდრის ნარგიზ შარაშიძის ნაამბობი, 78 წლის).
რვა იანვრობა
   ხალხის გადმოცემით რვა იანვრი საშიში დღეა, საზოგადოდ,სახლიდან გასვლას ერიდებიან. რატომღაც ხალხში ესეთი რწმენა არსებობს, რომ იანვრის რვაში შეიძლება მოვიდეს დიდი თოვლი, დიდი ქარბუქი. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვით რაღაც საშინელება მოხდა მთაში გამგზავრებულ სიძე–სიმამრს და სიძე–ცოლისძმას შორის. თუ რა მოხდა ჯერჯერობით არ ვიცით. ამიტომ ხალხი ამბობს:
„იანვრის რვასა
ნუ ენდობი მთასა,
ნურც სიძე–სიმამრსა,
ნურცა ცოლის ძმასა.“

ნასესხები

    ნასესხები მარტის ბოლოს მოდის. ნასესხები იწყება მაშინ, როცა მარტის სამი დღეა დარჩენილი. ნასესხები ექვსი დღისგან შედგება. ამ ექვს დღეში შედის: მარტის უკანასკნელი სამი დღე და აპრილის სამი დასაწყსი დღე. ხალხის დაკვირვებით, მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში ცუდი ამინდებია მოსალოდნელი. დღემდე შემორჩენილია გადმოცემა, რომელიც ჩვენი გუნდის წევრებმა ჩავიწერეთ გიორგი ქათამაძის ბებიისაგან: „მარტის დასაწყისში ერთ მეცხვარეს ცოლისთვის უთქვამს : „ამინდები კარგია, დეილია წყეული მარტმეტი, გამეზრდება ჩემი თიკანი, კრავი და ცხვარიო და საქონელი გარეთ გამოუშვია. ეს გაუგონია მარტს, გაჯავრებულა და სამი დღე აპრილისგან უსესხებია. გამოუშვია სეტყვა, თოვლი და და მეცხვარეს ცხვარ–თიკანი ერთიანად გაუწყვეტია. ამითომ არის ნათქვამი: „როცა მარტი წინ გიდევს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო“ (ჯ.ნოღაიდელი, ნარკვევები და ჩანაწერები, გვ.123, ბათუმი, 1971წ).
                                                                          
    აჭარელთა ყოფა–ცხოვრებიდან ბევრი რიტუალები და წეს–ჩვეულებანი წარსულს ჩაბარდა. ქობულეთში დღემდე შემორჩა პატარძლისთვის „სადილის“ მიტანის რიტუალი. „ქალის გათხოვებიდან გაივლის ერთი ან ორი კვირა, პატარძლის სანახავად მისი მშობლებიმოვლენ და „სადილს“ მოუტანენ. „სადილი“ შედგება ბაქლავისა და შექერლამისაგან. სუფრას გაშლიან, სტუმრებ მოიწვევენ და ნადიმს გამართავენ“(ჯ. ნოღაიდელი, ნარკვევები და ჩანაწერები, წიგნი  პირველი, გვ. 44, ბათუმი, 1971წ).      დღეისათვის ეს რიტუალი შედარებით სახეშეცვლილია, თუმცა  წარსულის დანაშევარზე შემორჩენილი ერთ-ერთი რიტუალი ქობულეთში „სადილის“ მიტანა  პატარძლისათვის საინტერესო და უძვლესი ტრადიციაა. ქორწილში გათხოვილი ქალიშვილის დედა მიდის ქალების თანხლებით და მიაქვს „სადილი“. ამ ტრადიციას ქალების სტუმრობა ჰქვია. „სადილი“ არის სპეციალურად მომზადებული ტკბილეული , რომლის მომზადების წესი თაობიდან თაობას გადაეცემა. მას სპეციალური  ცოდნით აღჭურვილი ქალები  ამზადებენ. „სადილი“ ძირითადად, შედგება ორი სახის ტკბილეულისაგან-შაქარლამა და ბაქლავა.
        შაქარლამა მზადდება ბრინჯის ფქვილის, დაფქვეული შაქრის და უმაღლესი ხარისხის კარაქისაგან. იგი არ ცხვება. ქალები,რომლებსაც მოიწვევენ პატარძლის დედის ოჯახში დამხმარებისათვის, ერთმანეთში ურევენ ბრინჯის ფქვილსა და შაქარს. მანამ სანამ შაქარი და ბრინჯი არ გადაერთდება და დამდნარი კარაქით ზელენ. შემდეგ აძლევენ სპეციალურ ფორმას. საყურადღებოა ისიც, რომ პატარძლის ოჯახის თითოეული წევრისთვის მზადდება სხვადასხვა ფორმის შექერლამა, რომელიც უნდა მიირთვას იმან, ვის სახელზეცაა იგი დამზადებული.
        ბაქლავა მზადდება პურის ფქვილის, კვერცხის,კარაქისა და თხილისაგან...
თავიდან მოზელილი ცომისაგან კეთდება პატარ-პატარა გუნდები, რომლებიც გაჰყავთ თხელ გუნად და თითოეულ ფენაზე ასხამენ გამდნარ კარაქს და აყრიან გატარებულ თხილს. სულ 50 ფენად. შემდეგ დაბალ ცეცხლზე ღუმელში აცხობენ. გამოცხობის შემდეგ ასხამენ საგანგებოდ მომზადებულ შარბათს. ტკბილეული იდება სპეციალურ კალათებში, იფუთება და მიაქვთ ქორწილში. ძველ დროში რაც უფრო შეძლებული იყო ოჯახი, მით უფრო მეტი რაოდენობის სადილი მიჰქონდათ, პატარძლის დედამთილი კი ტკბილეულობას ახლობლებს მიართმევდა, დღეს ეს ცოტა სახეშეცვლილია, სადილი მხოლოდ ქორწილში მოსულ სტუმრებთან გააქვთ მისართმევად. ეს უძველესი და ლამაზი ტრადიცია სამომავლოდ თაობიდან თაობას გადაეცემა.  ქობულეთში დიდი ზეიმით ხვდებიან საწესჩვეულებო ქრისტიანულ დღესასწაულებს, როგორიცაა: შობა, ნათლისღება, აღდგომა, გიორგობა და სხვა.
                                                                                       
     რაც შეეხება მაჰმადიანურ საწესჩვეულებო რიტუალებს, რომლებსაც აჭარლები ასრულებდნენ, ქობულეთში დამკვიდრდა. მაჰმადიანური რელიგიის გავრცელების შემდეგ. ასეთებია: „მევლუდი,“ „რამაზანი, „ფითრე ბაირამი,“  „ყურბან ბაირამი“ და სხვა. მაჰმადიანური რიტუალები მტკიცე აღარ არის, მას მხოლოდ ქართველ მუსლიმანთა მცირე ნაწილი ასრულებს. აჭარას და მათ შორის ქობულეთსაც 300 წლის წინანდელიჭრილობები სტკივა. ამიტომაც ქართველი მუსლიმანები უნდა დავაყენოთ ეროვნულ ნიადაგზე, მივცეთ სწორი წარმოდგენა საქართველოს ამ განუყოფელ უძველეს მხარეზე, რადგან კარს მომდგარმა თურქებმა არ წაგვართვას ის ეროვნული ღირებულებები, ზნეობრივი სიწმინდეები, რომლებსაც ათასობით წმინდანის სიცოცხლე ეწირებოდა საუკუნეების განმავლობაში.
ოსმალთა ხანგრძლივი ბატონობის მიუხედავად, აჭარაში დღემდეა შემონახულიწინაპართა შელოცვები, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის გიორგი ბირბიჩაძის ბებიამ მოგვაწოდა:
     „შელოცვები ჩემი მშობლებისგან ვისწავლე. ბავშვს ყელი, რომ ასტკივდებოდა  და საჭმელს ვერ ჭამდა  მიმართავდნენ შელოცვას, რომელსაც  „ყელმოსწრებული“ ერქვა:  „ყელს და კისერს მისდგომილხარ, შენ შვილო, ირემო, კამეჩო, ამ ბაღანას რად არჩობ, რად არ აჭმევ პურსო.“ ბოლო სტროფი ასე მთავრდება:
„ქრისტემ უთხრა პეტრესა
რად არ აჭმევ პურსა,
რად არ ასმევ წყალსა,
გადაგიბერავ სულსა,
გადაგიქროლებ წამსა.“
   „თუ ადამიანი შეუძლოდ გახდება, შეულოცავდნენ „თვალნაცემის“ შელოცვას: „სახელითა ღვთითა, სულითა წმინდითა შელოცვა თვალნაცემისა: „მე გილოცავ თვალისა, თვალიმაწყენარისა, შინაურისა, გარეულისა, ქვრივი ქალისა, ქვრივი კაცისა, ათასფერი ქალისა, ათასფერი კაცისა, აგი (სახელი) რაზეა შეხარბებული, სილამაზეზე, ჩაცმა–დახურვაზე, ტან–ფეხზე, ფერხორცზე, რაზეც შეხარბებული იყოს მისმა მავნე მაწყენარმა თავი დადვა ქვაზე, მუცელი სამართებელზე. ასისირი, მასისირი, მას სიკვდილი, „პაპასკირი,“ გასკდა რკალი, წეიფსო თვალი. ქვა ღრებოდა, ქვა ჭკნებოდა, ცხრა ასპიტის გველის ენა, ღაზო სურნელს მოსდებოდა. მოვიდოდა შავი წყალი, მას მოჰქონდა შავი გველი, ჩავყევ ხელი ყავარჯენით, ამოვიღე შავი გველი, მივკიდე ფარჩხზე, ეკალზე, შრებოდა, ჭკნებოდა, უჟმურო ტანში ხარ, ტანიდან გამოდი, სისხლში ხარ, სისხლიდან გამოდი, კანში ხარ, კანიდან გამოდი, აჯა(ძალა) დაუტიე, კარგ გუნებაზე მოიყვანე. დასწერე მამა ზეციურო, მაცდური გრწყალობს 365 მთავარანგელოზი მიქაელ გაბრიელი, იჯდა დედა მარიამი, იერუსალიმსა ქსოვდა ბროწეულისა ქსელსა, არცა გადიღებოდა, არცა გადმოიღებოდა მოვიდა ქალი გულხარბი, შვიდმთავარეს შექმნილი, დღეშაბათს დაბადებული, გამიძნელა ქსელი ჩემი, ვერ ავიღე წელი ჩემი. რა დედა მარიამ, შედი შენსა სახლში, შეჰკიდე ქვაბით წყალი, გააქროლე თვალისასა, წამისასა, ღმერთო, არგე ჩემი შელოცვა (სახელი) ამინ! ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ოსმალებმა ვერ შეძლეს სავსებით ამოეგდოთ ქრისტიანობა აჭარაში.
„ქობულეთს–ძვეთაძველს,
„ნადურის“ ლამაზ ხმებს,
ჩვენ „ხორუმს“ ერთადერთს
ნამუსის შემნახველს.
ხინოს და სკურდას მთებს
ჩაქარგულ ლამაზ გზებს,
კინტრიშის ტყეს და ღრეს
ვეჩურჩულები დღეს......
                                                თ. თხილაიშვილი.
ქობულეთის კულტურის სახლთან არსებული თვითმოქმედების ანსამბლი

   მდიდარი და მრავალფეროვანია ჩვენი  ზეპირსიტყვიერება თურქეთის ბატონობამ შრომის ლექსები და სიმღერების ხასიათი ოდნავაც არ შეცვალა. აღსანიშნავია  ის, ქობულეთში ნადური, ყანური, სიმღერების მეტი წილი ოთხ ხმაზე სრულდება, რაც ჯერჯერობით საქართველოს სხვა კუთხეში დადასტურებული არ ყოფილა. გადმოგვცემენ, რომ ქობულეთსა და გურიაში ყანაში დილიდან მოყოლებული საღამომდე სულ სხვადასხვა სიმღერას მღეროდნენ, რაც დაახლოებით ოცდათორმეტამდე აღწევდა. მასში ასახვას პოულობს  მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა, ხის დამუშავება და სხვა საქმიანობა. ყოველივე ეს ხალხური შემოქმედების მდიდარ მემკვიდრეობაზე მეტყველებს. ამ ტრადიციას აგრძელებს ხალხური სიმღერის ანსაბლები: „ქობულეთი“, „ადილა“ „ვახტანგური“  რომელსაც თავისი მრავალხმიანი საშემსრულებლო ოსტატობით არაერთხელ  მოუხიბლავს  მაყურებელი.
   მომავალი თაობების აღზრდას და ქართული კულტურის სიდიადის  პოპულარიზაციას ემსახურება ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსაბლი „მედრული.“(ხელმძღვანელი: ბადრი ცეცხლაძე.) ანსაბლმა წარმატებით იმოგზაურა ევროპის საფესტივალო ტურნეებში იტალიაში, ავსტრალიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და საფრანგეთში., სადაც საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალ–კონკურსების ორგზის გრა–მპრის მფლობელი გახდა.  ასევე აღსანიშნავი ანსაბლები: „სიხარული“, „შევარდენი“, „ოჰოი ნანა“, „ამირანი“, „საუნჯე“, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ ქართული ფორკლორის ტრადიციებს.
   2002 წლიდან ქობულეთში ისევ აღსდგა ტრადიციული საახალწლო დღესასწაული „ქობულეთობა.“ მზისა და სიცოცხლის ქალაქი ისევ იბრუნებს დიდებას, რათა ისევ შეივსოს ისტორიიის ფურცლები მომავალი თაობისათვის.
     ამრიგად, ჩვენ დაუსწრებლად ვიმოგზაურეთ ელიზმის ხანაში, ისტორიიის კვალდაკვალ მოვედით 21–ე საუკუნის დაბირენთებთან და შეძლებისდაგვარად შევძელით გვეჩვენებინა ის ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებები, რომელიც ახასიათებს ქობულეთსა და ქობულეთლებს.
                                                                                     
                                                                             
    ვისაც აინტერესებს ქობულეთის ისტორია და ეთნოგრაფია, ეწვიოს ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც ჩვენი ისტორიის პირუთვნელი მემატიანეა.
                                                                             



    ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, გაუფრთხილდეთჩვენს ძვირფასს საუნჯეს, შევაგროვოთ ხალხში გაბნეული ქართული ზეპირსიტყვიერების მაგალითები და შეუბღალავი გადავცეთ შთამომავლობას. ეს იქნება ცვენი მოკრძალებული წვლილი ქართული ეთნოგრაფიის განვითარებაში.

No comments:

Post a Comment