Thursday, November 14, 2013

ცოცხალი გეოგრაფიული მუზეუმი და დაცული ტერიტორიები

                                                                           

        ქობულეთი ბუნებრივი პირობებით მეტად საინტერესო მხარედ ითვლება. იგი აჭარის ხიბლი და სილამაზეა. მდიდარი და მრავალფეროვანია მისი ბუნება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ აჭარა და მათ შორის ქობულეთი, ბუნების ცოცხალი გეოგრაფიული მუზეუმია. მისი ლანდშაპტი განუმეორებელია.
   ქობულეთის ტერიტორიული ნაწილი მთლიანად უკავია ვაკეს. ქობულეთის დაბლობი ჩრდილოეთით თანდათან განიერდება და უერთდება კოლხეთის დაბლობს. ქალაქ ქობულეთის ტერიტორია უდრის 22 ათას კვ.კმ. მოსახლეობა   18.350 ათას კაცს.
                                                                              


   ქობულეთის ბუნებრივი საზღვრებია: ჩრდილოეთიდან მდ. ჩოლოქი, აღმოსავლეთიდან ისპანის ჭაობები, რომლებიც წარმოადგენენ კოლხეთის დაბლობის გაგრძელებას, სამხრეთიდან – აჭარის მთების კალთები, რომლებიც უშუალოდ ებჯინებიან ზღვას და რომლებზეც გაშენებულიაკურორტი ციხისძირი, დასავლეთიდან – შავი ზღვა.
    ქობულეთი მართლაც ბუნების ცოცხალი მუზეუმია, ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარებით, რომელსაც ზემოდან გადმოჰყურებს აჭარა–გურიის მთები.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების შესწავლის მიზნით ვეწვიეთ ისპანის ტორფნარერბს, ჩვენ წინ გადაიშალა ბუნების საოცარი ქმნილება სფაგნუმის გუმბათი, რომელიც საბანივით ახურავს ნიადაგის ზედაპირს.
                                                                             

   დედაბუნების ამ უნიკალური ძეგლის საოცარი ეკოსისტემა ფიჭვნარის „ეკოპლაჟიდან“ იწყება. აქ განთავსებულია საინფორმაციო–საინტერპრეტაციო დაფები: „ისპანის ტორფნარები და ეკოტურიზმი“. ისინი მოგვითხრობენ ფლორისა და ფაუნის, უნიკალური ჰიდროლოგიის, ტორფნარისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
                                                                        
    ისპანის დაცული ტერიტორიები ქობულეთის აღმოსავლეთით მიუყვება, ჩრდილოეთით თიკერის რელიქტური კოლხური ტყის „აღდგენის ზონა“ ესაზღვრება, აღმოსავლეთით მას მუდამ დათოვლილი გომის მთა, კინტრიშის ულამაზესი ნაკრძალი და აჭარა–გურიის მთები გადმოსცქერის.
    1996 წლის 7 ივლისს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი ისპანის სფაგნუმია  ტორფიანი ჭაობების გამო შეტანილოი იქნა "RAMSAR"-ის კონვეციის მსოფლიო მნიშვნელობის ჭაობების სიაში.
    ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალმა და აღკვეთილმა ფუნქციონირება დაიწყო 2002 წლის 1 იანვრიდან, ძირითდად უნიკალური პერკოლაციური ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარების „ისპანი ორისა“ და „ისპანის ერთის“ ბაზაზე
                                              
                                          უძველესი ანტიკურიხანის ნამოსახლარი
                                                                                 

    ტორფნარები ინახავენ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლებს. ისპანი პირველში 1964 წელს სადრენაჟო არხის გათხრებისას აღმოჩენილი იქნა „ისაპანის“ ძვ.წ IV-III ათსწლეულის მიჯნის დროინდელი ტორფქვეშა ენეოლით–ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. აქ 5–6  ათასი წლის წინ დასახლებულა ადამიანი, მაშინ როცა ეს ადგილი ჯერ კიდევ არ იყო დაჭაობებული.
    ისპანის დაცული ტერიტორიების ჩრდილო–დასავლეთ მხარეს, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის შესართვთან, მდებარეობს შუაბრინჯაოს ხანის (დაახლოებით 3500–4500 წლის წინანდელი დრო) ნამოსახლარი „ნამჭედური“ და ანტიკური ეპოქის ნაქალაქარი „ფიჭვნარი“
                                             ისპანის საოცრებანი სფაგნუმის გუმბათი
                                                                                  
დროზერა


ყვითელი დუმფარები

    ისპანის ტორფნარები ბიომრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებული ყველაზე მეტად ხელუხლებელი ჰაბიტატებია, რომელთაც ადამიანის ზამოქმედება არ განუცდიათ. აქ შეგიძლიათ იხილოთ თეთრი ხავსის ანუ სფაგნუმის მიერ შექმნილი საოცარი „ბალიშები“,  სადაც ჩრდილოეთის ფლორის სახეობასთან ერთად ( როგორიცაა: ცვრიანა ანუ მწერიჭმია დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, კავკასიის ფლორისთვის უჩვეულო მანანა) იზრდება კოლხეთი ფლორის ელემენტები (ხანგრძლივად მოყვავილე იელი, პონტოს შქერი, მოცვი) „ბალიშებზე“ ხარობს ასევე: სამეფო გვიმრა, ჯადვარი, ენდემური კავკასიური რინხოსპორა. აქვე ნახავთ იშვიათ ლოკოპოდიელეას.
    „ისპანის ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი თითქმის ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ (25-24 სმ). იგი არასდროს იფარება წყლით. გარემოს დაბინძურებისადმი  ყველაზე მგრძნობიარე სფაგნუმი წყალთან ერთად ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს, რომელიც შემოგარენიდან 4-5 მ-ით მაღლაა წამოწეული.
    სფაგნუმი ისე მოქმედებს, როგორც ღრუბელი, მას შეუძლია წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. ძლიერი კოკოსპირული წვიმებისა, როცა დღედაღამეში 100 მმ ნალექი მოდის და არემარე წყალითაა დაფარული. ისპანი II-ის ხელუხლებელ 300 ჰა გუმბათს შეუძლია 25 სმ-ით „გაიბეროს“ და  შეისრუტოს წყლის დიდი რაოდენობა. ამ დროს ერთადერთი მშრალი ადგილი ქობულეთში მხოლოდ ისპანი II-ის გუმბათია. მისი დანახვა გადასახედი კოშკიდანაა შესაძლებელი“ ფაუნის სახეობიდან აქ ბინადრობს: ტურა, წავი, ნუტრია, ლელიანის კატა, ჭაობის კუ" (გაზეთი "ჩემი ქობულეთი", ქობულეთის დაცული ტერიტორიები, გვ.3. #12, 2013წ).
                                                                            
   ჭაობში ახლაც მიმდინარეობს ტორფის აკუმულაციის პროცესი. მისი ასაკი 4000 წელს ითვლის.
   ჭაობს განსაკუთრებული ბიოლოგიური და უდიდესი გარემოსდაცვითი ღირებულებანი გააჩნია, როგორიცაა: გლობალური და რეგიონალური კლიმატის რეგულაცია, წყალმარეგულირებელი და წყალშემკავებელი ფუნქცია.
საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ძლიერ, შეთანხმებულ, გაწონასწორებულ ეკოსისტემას მკაცრი დაცვა და მოვლა ესაჭიროება. ამიტომაც ჩვენი უპირველესი მოვალეობაა გაუფრთხილდეთ ბუნების ამ საოცარ ქმნილებას.
    მაშ ეწვიეთ ზაფხულობით ქობულეთს და დატკბით თეთრი ხავსის საოცარი „ბალიშებ"–ის: ხილვით, სადაც იზრდება კოლხეთის ფლორის სხვადასხვა სახეობები.
    და მაინც ლამაზია ქობულეთის დაცული ტერიტორია ზამთარში, როცა ჩრდილოეთიდან გედების, ბატების, იხვების, წეროების, თეთრი და რუხი ყანჩების გუნდები მოფრინავენ. ისინი საბინადროდ უპირატესობას დაჭაობებულ ადგილებს და წყლიან მდელოებს ანიჭებენ.
                                                                            




                             ქობულეთის დაცული ტერიტორიების ორნითოფაუნა
                                                                            


    ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს რამსარის საერთაშორისო მნიშვნელობის ვეთლენდების კონვენცია, რომელიც განცაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათი, როგორც ფრინველების მნიშვნელოვანი თავშესაფრის დაცვაზე. შეთანხმება მიღებული იქნა 1971 წელს.
   ქობულეთის დაცული ტერიტორიები კოლხეთის დაბლობთან ერთად, 1996 წლიდან რამსარის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაა. ამ ტერიტორიაზე გადის გადამფრენი ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტი.
    უცხოელ მეცნიერების მიერ ჩატარებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით ქობულეთის დაცული ტერიტორიების 55 სახეობის ფრინველი იყენებს საბინადროდ, აქედან 4 სახება შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, ხოლო 2 სახეობა IUCN-ის წითელ ნუსხაში.
ფრინველები ტორფნარების ყველაზე თვალსჩინო წარმომადგენლები არიან. დაცულ ტერიტორიაზე ზაფხულობით ფრინველს ნაკლებად დაინახავთ, სამაგიეროდ შემოდგომაზე და გაზაფხულზე უამრავი ფრინველი იყრის თავს.
    მრავლადაა ბეღურასნაირები: შაშვი სებრინი, ტოროლები, მწყერჩიტები, ბოლოქანქარები, კვირიონები, შოშიები, სკვინჩები. ისინი ფრინველთა შორის ყველაზე მოხეხებული და მარჯვე არსებები არიან. გავრცელებული ჩრდილოეთ ტუნდრიდან ტროპიკულ რეგიონამდე დედამიწის სხვადასხვა ჰაბიტუსში, მათ შორის მრავლადაა შორს მანძილზე მიმაფრენი სახეობებიც, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში მრავლდებიან, ზამთარში კი როცა საკვები მცირდება, სამხრეთით მიგრირებენ.
  მათი წარმატების ძირითადი მიზეზი საკვების მრავალნაირ წყაროსთან შეგუების უნარია. ბეღურასნაირია რამოდენიმე სახეობა (ბეღურა, სკვინჩა) მარცვლოვანი კულტურის სერიოზული პარაზიტები არიან.
    „ბეღურასნაირთა შორის არიან ჯგუფები რომლებიც ფრინველთა სამყაროში სასიამოვნოდ გალობენ. მათგან ჩვენს ტერიტორიაზე გვხვდება მინდვრის ტოროლა, რომელიც გაზაფხულზე მოფრინდება და შემოდგომაზე მიგრირებს სამხრეთისკენ. მეტად საინტერესოა ფრინველთა შაშვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი გულწითელა, რომელიც საკმაოდ ცნობისმოყვარეა და ხშირად ადამიანს არ ერიდება. ის ჩვენთან იზამთრებს. საქართველოში გავრცელებული ქათმისნაირებიდან თბილ ქვეყნებში გამოსაზამთრებლად მხოლოდ მწყერი მიგრირებს. თუმცა მცირე რაოდენობით გარკვეულ ადგილეში ზამთრობით რჩება. ის ქათმისნაირები ყველაზე პატარა წარმომადგენელია და ცივ პირობებთან შეგუება უჭირს. ამიტომ ზამთარში წვიმის სეზონის დაწყებისთანავე  სამხრეთისკენ მიგრირებს. მას აქვს გარემოსთან შეხამებული მოყავისფერო ბუმბული და საფრთხის გამოჩენისთანავე მიწაზე გაერთხმება და ცდილობს შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ საფრთხე არ ჩაივლის" (გაზეთი "ქობულეთი", ქობულეთის დაცული ტერიტორიები, გვ.3, #5, 2003წ).
   შემოდგომაზე ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მტაცებელზე დაკვირვებაცაა შესაძლებელი. სხვადასხვა სიმაღლისა და სხვადასხვა სისწრაფით ჰაერში მონავარდე ძერები, შევარდნები, არწივები. მტაცებლებს შორის ყველაზე სწრაფი შევარდენია. იგი როცა მსხვერპლის დასაჭერად ეშვება საათში 300კმ–ს ავითრებს. იგი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. ასევე სწრაფია მარჯანიც, ის საშუალო ზომის შევარდენია. მას შეუძლია მერცხალზე ქვემოთ ფრენა და ამავე დროს ადვილად მანევრირებს ჰაერში.
თუმცა ცაში ყველაზე ლამაზი მაინც არწივია. მისი გაშლილი ფრთები 2 მეტრამდე აღწევს. არწივი ჰაერში 80კმ/სთ–ს ავითარებს და შეუძლია მიმართულების უეცრად შეცვლა.
   ჩვენთან გავრცელებულ არწივებს შორის ყველაზე დიდი თეთირკუდა არწივია, რომელიც თითქმის ყოველთვის წყლის მახლობლად გვხვდება. უკანასკნელ წლებში საქართველოში ამ ფრინველის ბუდობა არ დაფიქსირებულა. ის საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი და IUCN-ის წითელ ნუსხაში. საკმაოდ იშვიათი ფრინველია ბექობის არწივი რომელიც დიდი ზომის აქტიური მტაცებელია.
   ძელქორებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა ჭაობის ძელქორი. ის საქართველოში ბუდობს და მიგრირებს კიდეც, თუმცა ბოლო ხანებში მისი ბუდობა არ დაფიქსირებულა.
                                                            
                                                               მუდამ გვახსოვდეს!
                                                                                  
      მსოფლიოს ეს უნიკალური საგანძური ყოველი ჩვენგანისაგან სათუთ მოფრთხილებას მოითხოვს, რადგან მრავალი სახეობისთვის ნაკრძალი ერთადერთი თვშესაფარია. ნადირობა მკაცრადაა აკრძალული. აქ ფაუნის ყველა სახეობას კანონი იცავს.
ეწვიეთ ქობულეთს და ზამთრითაც შეგიძლიათ დატკბეთ ბუნების ამ სიმშვენიერის ხილვით. რადგან ჭაობიან ადგილებს გააჩნიათ შეუდარებელი ესთეთიკური და სულიერი სილამაზე, ისინი ქმნიან იდეალურ პირობებს ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებისთვის. ჭაობებს ბუნებრვი მდგომარეობის შესანარჩუნებლად უფრო მეტი სარგებლობა მოაქვთ, ვიდრე მისი დაშრობით.
                                                                              
     ჭაობის ბიოლოგიური მრავალფეროვნება ეს არის სიცოცხლისთვის გარდაუალი, უსაზღვრო ფასეულობათა წყარო, რომელი ქმნის საფუძველს კაცობრიობის არსებობიათვის. ამიტომაც მოუაროთ და გაუფრთხილდეთ მას. ლამაზი ლანდშაპტი დაცული ტერიტორიების  მოსახლეობის  ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია.


No comments:

Post a Comment