Thursday, November 14, 2013

მოგზაურობა ელენიზმის ხანაში

                                                                          


   სანამ ჩოლოქს მიადგებით, კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის დამაფიქრებელი, ობლად მიტოვებული ძეგლის მიღმა ჩვენი წარსული იმალება. ბერძნული კულტურის ძველი  დიდების  ნატერფალი - ფიჭვნარის  ანტიკური ხანის ნაქალაქარი.
   საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ძეგლი-ფიჭვნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარი მდებარეობს ქალაქ  ქობულეთის ჩრდილოეთით, მდინარეების-ჩოლოქისა და ოჩხამურის შესართავთან.
        ფიჭვნარის ნაქალაქარმა მკვლევართა ყურადღება 1948 და 1952 წლებში შემთხვევით აღმოჩენილი განძებით მიიქცია. 1953 და 1956 წლებში აქ მცირე მასშტაბის სავალე სადაზვერვო ექსპედიცია მოაწყო თავად ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა   ნ. ხოშტარიას  ხელმძღვანელობით.
1960 წლიდან ფიწვნარში სავალე სამუშაოებს ანხორციელებს  მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ხანგძლივი პაუზის შემდეგ, იგი 1998 წელს, ბათუმის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის ბატონ ამირან კახიძის ხელმძღვანელობით განახლდა. არქეოლოგები თავდაუზოგავად მიიკვლევენ გზას ჭეშმარიტებისაკენ.
     "2003 წელს, მუშაობაში ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი, სიძველეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ ვიკერიც ჩაერთო, რომელიც ნიკოლა ინგბერთთან, მარგარიტა ვოჩოროვასთან, ნედ დელბთან და თავის შვილთან, ჯეიმ ვიკერთან ერთად შეუდგა ფიჭვნარში არქეოლოგიურ მუშაობას. ფიჭვნარი თავისას ამბობს, ანუ წარსული თანამედროვეობისათვის ისტორიული ჟამის გამოცოცხლებას არ იშურებს (გაზეთი "ქობულეთი," 2003 ,12 აგვისტო, გვ,3).
                                                                       


     ღვინის ჭურჭელი  ოინოხოა, ლაკრომარი, ბრინჯაოს  და ვერცხლის სამაჯურები მინის, ოქროსა და სარდიონის მძივები, ანტიკური ჭურჭელი, კანთარისი, იხთია, მრავალი ფორმისა და სილამაზის ამფორები,  ფიჭვნარული ჭურჭელი, მონეტები, კოლხური თეთრი...  აი, ამ აღმოჩენის ის არასრული სია, რომელითაც ძალუძთ ელინისტური ხანა წამიერად მაინც დაგვიბრუნონ. ამ ექსპონანტთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ფიჭვნარული დოქები იპყრობს, რომლებიც სხვა ისტორიულ ადგილებში არ გვხვდება  საინტერესო და მომხიბლავი, მრავალი გრძნობისა და კითხვის აღმძვრელი რელიქვიები, თითოეულ ჩვენგანში ისტორიული სიფაქიზეს, წარსულთან ჭიდილის ჟინს და წინაპართა სიყვარულს გვიბრუნებს.

                                                                             

   ფიჭვნარის ნაქალაქარზე წლების მანძილზე აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლები წარმოადგენს ძვირფას ისტორიულ წყაროს, ძველი კოლხეთის საქალაქო ცხოვრებისა და ანტიკურ სამყაროსთან სავაჭრო ეკონომიკურ თუ კულტურულ ურთიერთობათა შესწავლისათვის.
 ამ მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ დაახლოებით 2500 წლის წინათ (ე.ი. ძვ.წ. აღ. მე-6 ს.)  ქობულეთის მიდამოებში წარმოქმნილა ძველი კოლხეთის და საერთოდ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრი.
ფიჭვნარში განხორციელებულმა საველე არქეოლოგიურმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ უძველესი ადგილობრივი კოლხური მოსახლეობა უპირატესად მდინარე ჩოლოქ–ოჩხამურის შესართავთან და ჩოლოქის მარჯვენა სანაპიროზე სახლობს. ტრადიციულად, მათი საქმიანობის ძირითადი დარგია მიწათმოქმედება. ნაქალაქარის კულტურულ ფენებში ხშირად ჩნდება  ხელსაფქვავები, მარცვლეულის შესანახი თიხის ჭურჭლები ბრინჯაოს თოხები, უძველესი კაჟის ნამგლის პირები და ა.შ. მეტად დაწინაურებული ჩანს მევენახეობა–მეღვინეობა, მდიდრულად ორნამეტირებულ კოლხურ ქვევრებთან ერთად ყურადღებას იქცევს ადგილობრივი და უცხოური საღვინე თასების სიმრავლე. ასევე ითქმის საფეიქრო ხელოსნობის შესახებაც. ხშირად ჩნდება კვირისტასვები, ვერტიკალური საქსოვი დაზგის ძაფების დასაჭიმავად გამოყენებული თიხის პირამიდული საწაფები და თვით ქსოვილის ნაშთებიც კი (მეგზური, ქობულეთის რაიონის კულტურის ძეგლები, გვ.6, ბათუმი, 1980წ).
  ანტიკურ ხანაში აგრძელებს ადრეულ ტრადიციებს კერამიკული ხელოსნობა. ამ პერიოდისათვის მეთუნეობა უმაღლეს საფეხურზე ადის. თიხის ჭურჭელთა ფორმები უფრო მრავალი, სადა და დახვეილია.
                                                                          
   ფიჭვნარის აღმოჩენებმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩვენი ცოდნა ძველ კოლხეთსა და ანტიკურ სამყაროს შორის სავაჭრო–ეკონომიკურ  და კულტურულ ურთიერთობათა შესახებ. ამ თვალსაზრისით ყველაზე მდიდარ მასალებს, კლასიკური ხანისათვის მაინც სწორედ ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრები იძლევა. ამ მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ ლეგენდარულ კოლხეთსა და ბერძნული ცივილიზაციის ადრინდელ ცენტრებს შორის ურთიერთობას სისტემტური, რეგულარული ხასიათი ჰქონია ძვ.წ. აღ. მე-6-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან. იგი მზადდებოდა საუკუნეების მანძილზე და ღრმა ისტორიული ფესვები გააჩნდა. ფიჭვნართან, ისე როგორც საერთოდ კოლხეთთან, სავაჭრო ურთიერთობის ინიციატორებად პირველ ხანებში საბერძნეთის იონური ცენტრები გამოდიოდა. ძვ.წ.აღ. მე-6 ს. ბოლოდან იონურ ნაწარმს თანდათანობით ზღუდავს, კონკურენციას უწევს საბერძნეთის მატერიკული ცენტრი ათენი. მთელი კლასიკური ხანის მანძილზე ფიჭვნარს ინტენსიური ურთიერთობა აქვს მსოფლიო ცივილიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს ცენტრთან.
                                                                         

   ანტიკურ ხანში საქალაქო მცხოვრებისა და სავაჭრო ეკონომიკური საქმიანობების საინტერესო სურათის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა აქ აღმოჩენილი სხადასხვა საწარმო ცენტრის კერამიკული ტარის (ამფორების) შესწავლა. ფიჭვნარში წარმოდგენილია ეგეოსური სამყაროს (ქიოსი, სამოსი, ლესბოსი, თაზოსი და სხვა), სამხრეთ და ჩრდილოეთ შავიზრვისპირეთის ნაწარმი. ასევე ითქმის უძველესი მონეტების-ნუმიზმატიკური ძეგლების შესახებ. ფულად მიმოქცევაში წამყვანნი ჩანან ადგილობრივი მონეტები, ე.წ კოლხური თეთრები. ფიჭვნარში ფულის ამგვარი ინტენსიური მიმოქცევა გულისხმობს ვაჭართა ფენის არსებობას.
    უცხოური მონეტების მიხედვითაც ჩანს, რომ ანტიკურ ხანაში ფიჭვნარი საერთაშორისო სავაჭრო ურთირთიბათა სფეროში საკმაოდ ფართოდაა ჩაბმული. ფიჭვნართანაა დაკავშირებული ქიზიკინების, სინოპური, ამისოს, ალექსანდრე მაკედონელის სტატერის, პანტიკაპეონისა და ნიმფეის მონეტების აღმოჩენა.
ფიჭნარელთა სოციალურ–ეკონომიკური სტრუქტურისა და რელიგიური მსოფლმხედველობის გასარკვევად კიდევ უფრო ფერადი და მრავალფეროვანი მასალა აღმოჩნდა ფიჭვნარის ანტიკური ხანის ვრცელი სამაროვანზე. მსგავსი ძეგლები აღმოავლეთ შავი ზღვისპირეთისათვის ჯერჯერობით უცნობია. 1966-67, 1975-76 და 1978 წ.წ. ფიჭვნარში შეისწავლებოდა ადგილობრივი კოლხური მოსახლეობის ძვ.წ.აღ-მე-5 ს. სამაროვანი, გაითხარა 150 მდე სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა მეტად საინტერესო მასალები: მაღალი ოსტატობით შესრულებული და მდიდრულად ორნამენტირებული ადგილობრივი კერამიკული ნაწარმი, ნაირნაირი სამკაულები, მინის, ვერცხლის, ოქროსა და ქარვის მძივები, რკინის და ვერცხლის სამკაულები, ოქროსა და ვერცხლის ყურსაკიდები, ბეჭდები, ზარაკები, კოლხური ფულები, უცხოური ფუფუნების საგნები და ა.შ. ამ მასალებს დიდი მნიშვნელობა აქვთ დასავლურ-ქართული კოლხური კულტურის შესწავლისათვის.
                                                                    


ბრინჯაოს თოხები. ქობულეთი. 13-12 საუკუნე ქრისტესშობამდე
   ძველი კოლხეთის და ანტიკური სამყაროს ურთიერთობათა ხასიათის გარკვევისათვის უძვირფასესი მასალის მომცემია ძვ.წ. აღ.მე-5-4 ს-ის ბერძენ მოახალშენეთა სამარონის გათხრები. სულ შესწავლილია 75  სამარხი. ელინთა სამაროვნი პირველად აღმოჩნდა საქართველოში, ამდენად აქ მოპოვებული მასალები ხშირ შემთხვევაში უნუკალურია. სამარხებსა და სააღაპო მოედნებზე დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი: სადა ზოლებიანი იონური კერამიკა, ატიკურიშავლაკიანი და მოხატული ლარნაკები, ქიოსური, ტაზოსური, და ჰერაკლეის ამფორები, ვერცხლისა და ბრინჯაოს თასები, დოქები, ჩამჩა, საწური, სარკე და ა.შ. ოქრო ვერცხლის სამკაულები: მაღალმხატვული ყურსაკიდები, ფარაკიანი ბეჭდები, კილიტები, მძივები, სამაჯურები, უცხოური მონეტები და სხვა. ამ მონაპოვართაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ატიკური წითელფიგურიანი კარატერი, რომელიც ანტიკური ხელოვნების ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს.
                                                                                 

ვერცხლის სამაჯური. ფიჭვნარი. მე-5 საუკუნე ქრისტესშობამდე
   ეს მონაცემები, სხვა მრავალმრიცხოვან ნივთიერ კულტურის ძეგლებთან ერთად, ადასტურებენ, რომ  ძვ.წ.აღ. მე-5 ს. მეორე მეოთხედიდან ფიჭვნარში ადგილობრივი კოლხური დასახლების გვერდით ჩნდება ბერძნული, ატიკური დასახლება, რომელიც მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომ ადგილობრივ მოსახლეობასთან. სწორედ, ამ პერიოდიდან იზრდება ფიჭვნარის როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში.
  ნაქალაქარის კულტურულ ფენებსა და სამაროვანზე აღმოჩენილი მასალები გვიჩვენებენ, რომ ადრეელინისტურ ხანაშიაც ფიჭვნარი ინარჩუნებდა ადრინდელ ძლიერებას, აფართოებდა ურთიერთობას შავიზღვისპირეთის სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრები კი ზღვისპირეთის  სამხრეთ და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთან. კიდევ უფრო გაფართოვდა ქალაქის საზღვრები. მდიდარი ნივთიერი კულტურის ძეგლები წარმოაჩინა ამ პერიოდის  სამაროვნის გათხრებმა, გვიანელინისტური ხანიდან იწყება საქალაქო ცხოვრების დაქვეითება, ხოლო რომაული ხარის მასალები ჯერჯერობით არ არის მიკვლეული. ამ პერიოდიდან განსაკუთრებით ადრე ფეოდალური ხანიდან ‘“ქობულეთის ქვეყანაში„ მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა პეტრა-ციხისძირი.
                                                                               


   ინგლისელმა მოგზაურმა ტიმ სევერინმა, როდესაც მოინახულა ქობულეთ–ფიჭვნარში გამოვლენილი არქეოლოგიური ძეგლები და გაეცნო მის მნიშვნელობას, ასე აღიქვა იგი: "წუთები, რომელიც მე გავატარე ატალახებულ არქეოლოგიურ თხრილში ქობულეთის მახლობლად ჩემთვის ძიების დასრულებას ნიშნავდა. ალბათ, ისეთივე გრძნობა დაეუფლა იაზონს რომელმაც თავისი ძიებანი 33–საუკუნის წინ დაასრულა" (დ.ხახუტაიშვილი, "ქობულეთის ქვეყანა", ნაწილი პირველი, გვ.100, ბათუმი, 1995 წელი).
                                                                         


        ვიმედოვნებთ, რომ ფიჭვნარს გაცილებით მეტი ყურადღება  დაეთმობა მომავალში, ამეტყველდება ობლად მიტოვებული აიეტის ამაყი ძეგლი. მომავალში ფიჭვნარი კვლავ თავის სიტყვას იტყვის...

No comments:

Post a Comment